ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის ოსტატებმა ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვეს

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის ოსტატებმა ბულგარეთში, ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო საგამოფენო კარვის მოწყობა“ გაიმარჯვეს.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ინფორმაციით, ტრადიციული რეწვის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ბულგარეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმში ETAR გაიმართა. ფესტივალზე საკუთარი ქვეყნის ტრადიციული რეწვა გამოფენის სახით 15 ქვეყანამ წარადგინა: უნგრეთმა, მალტამ, ლატვიამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, სერბეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა, ირანმა, თურქეთმა, სომხეთმა, მაკედონიამ და ა.შ.
გაბროვოს მუზეუმში ფესტივალს სამი დღის განმავლობაში 9000 ადამიანი სტუმრობდა.
ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლამ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა ნანული აზიკურის და მისი მოსწავლეების თუშური ფარდაგები, ხელით ნაქარგი ხევსურული სამოსი, აქსესუარები, სამუზეუმო ექსპონატების მიხედვით აღდგენილი ქართული ტრადიციული წინდები, თუშური წინდები, ქართული ჩითები, ასევე, მიხეილ ოდიშვილის ხის და თიხის ნამუშევრები ქართული ორნამენტით.
ბულგარეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმში ETAR გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის ნინო ჭიპაშვილისა და ETAR-ის დირექტორის სვეტლო თედოროვის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ეთნოგრაფიული მუზეუმების დირექტორებმა ერთმანეთს სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ფესტივალზე გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა: საუკეთესო საგამოფენო კარვის მოწყობა; ახალგაზრდა ოსტატების ეროვნული კონკურსი; კონკურსი საიუველირო უნარებში; საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების შესახებ საუკეთესო მოხსენება და ტრადიციული რეწვის თანამედროვე ასახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები