“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირი არ აქვს” – ღარიბაშვილმა ბორელს უპასუხა
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირში არ აქვს.
როგორც პრემიერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, არამედ სამართლებრივია და პრეზიდენტი ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
“ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ეროვნული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ დემოკრატიას, სადაც, პირველ ყოვლისა, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. და ვინ, თუ არა პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. ეს არა არის პოლიტიკური საკითხი, ეს სამართლებრივი საკითხია. ფორმალური რეაგირება მოვახდინეთ და განვმარტეთ, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, რათა მოხდეს იმპიჩმენტი. ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, და სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან”, – თქვა პრემიერმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ბორელმა თქვა, რომ „ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს წარმატებული ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“.