რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი
დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მყარი ლოგიკა აქვს და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიციებიც მყარად იყო დასაბუთებული.
„სახელმწიფოს ჰქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, არ ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია და ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც მოიშორებს ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებას და დემონსტრაციულად არ დაემორჩილება სამართლის აღსრულებას, რა თქმა უნდა, მის მიმართ დამძიმდება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.