რატი ბრეგაძე: ნიკანორ მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ახლა მათი განცხადების მოსმენა, როდესაც ევროპული მასშტაბით დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა

გამოდის რა – პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, გადადგა იმის გამო, რომ არ აღესრულებინა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც დაადგინა, რომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ არც ერთი მუხლი არ დარღვეულა.

„სამწუხარო ის გარემოებაა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, 2021 წელს, არა მხოლოდ მელიას უშუალოდ მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მისი  სხვა მხარდამჭერები საუბრობდნენ, არამედ პრემიერ-მინისტრის გადადგომამაც გარკვეული დაბნეულობა შეიტანა მთელ ამ პროცესში. გამოდის რა – პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, გადადგა იმის გამო, რომ არ აღესრულებინა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემდგომში პრემიერ ღარიბაშვილის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო იმგვარად, როგორც უკვე დღესაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, და საზოგადოებისათვის არის ცალსახად ცნობილი, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებები. ვფიქრობ მას, ამისთვის და, ზოგადად, ამ სახელმწიფოებრივი ნაბიჯისთვის ნამდვილად ეკუთვნის მადლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა ევროპული მასშტაბით დადასტურდა.

„საინტერესოა ახლა ყოფილი პრემიერის განმარტებაც ამ საკითხთან დაკავშირებით – შესაძლებელი იყო თუ არა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და, ამავდროულად, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ ხალხის პოზიცია, რომელიც იმ მოვლენებს უწოდებდა დიქტატურის დამყარებას, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას და მთელი რიგი სხვა მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ხელისუფლებას; ამავე დროს, ნიკანორ მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად და, ვფიქრობ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ახლა მათი განცხადების მოსმენა, დაახლოებით, 2 წლისთავზე, თუ როგორ აფასებენ ამ გადმოსახედიდან, როდესაც უკვე, ფაქტობრივად, მთლიანად ევროპული მასშტაბით დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა… როგორ შეაფასებენ ამას. თუმცა, ჩვენ მიჩვეული ვართ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელისუფლების მითვისების მცდელობებს. მათ ვერ გაითავისეს ერთი რამ, რომ მათ ხალხმა დაახლოებით რვაჯერ, თუ არ ვცდები, უკვე უთხრა უარი ხელისუფლებაში მოსვლაზე  და, შესაბამისად, ისინი, გამომდინარე იქიდან, რომ არიან მანიაკალური ჟინით შეპყრობილები ხელისუფლებაში მოსასვლელად, არ იშურებენ არცერთ მეთოდს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები