საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა და ყველა აქტორმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს.
„ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი მადლიერება ყველა მათგანის მიმართ, ვინც დადგა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა. ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები. ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოხატულია ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში და ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებით“, – აღნიშნა ბორელმა.