გიორგი ჩაკვეტაძე და გრეტა წიწავა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს შეხვდნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს ეკატერინე მეტრეველს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლების პოლიტიკის მიმართულებით ფინეთში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. დეპუტატებმა ეკატერინე მეტრეველს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
„განათლების მიმართულებით ფინეთი არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და მისი გამოცდილება ძალიან საინტერესოა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც ფინეთში განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა სკოლამდელი განათლების მიმართულებაზე. იმ ხუთი თემატური მოკვლევისთვის, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ახორციელებს, ფინური მხარის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.