მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილზე: არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე ბოლოს და ბოლოს, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს
ვერ დარწმუნდნენ, ვერ დაიჯერეს, ვერ გაითავისეს, რომ კაცმა 2012 წელს საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, სასწორზე დადო საკუთარი სიცოცხლე და ახლა ამ ადამიანს აშინებენ რაღაც სანქციებით, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი შანტაჟს არ ექვემდებარება.
„ხან 2 მილიარდით აშინებენ, რომლისთვისაც ჩამოშალეს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ბანკი, ხან რაღაც სისულელეებით აშინებენ. არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე, ბოლოს და ბოლოს, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს. არც მისი დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები ექვემდებარებიან შანტაჟს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ასე დაიწყო და ჩვენც ასე ვაგრძელებთ დღეს მის გარეშე. პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ებრძვიან ახლა, თითქოს პოლიტიკაში იყოს ისევ. ჩვენც იმ გზას მივყვებით, რაც იმ კაცმა დაიწყო“, – განაცხადა მდინარაძემ.