ვახტანგ მახარობლიშვილი: საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი მნიშვნელოვან დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ყველა საკითხზე
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი – ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის, საქართველოში ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი მნიშვნელოვან დროს.
„იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირაში ევროკომისიამ უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ანგარიში საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გზავნილი. ისიც ნიშანდობლივია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციაში ასევე მონაწილეობს ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი და ზოგადად, დელეგაცია ძალიან წარმომადგენლობითია“, – აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.
მისი თქმით, შეხვედრების დროს საუბარი იქნება გაფართოებაზე, საქრათველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
„ასევე, საუბარი იქნება გეოპოლიტიკაზე, რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ძალიან მნიშვნელოვან დროს და პერიოდში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაძლებლობა ორივე მხარისთვის, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში“, – აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.