ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.
ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცეპრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
“უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცეპრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ”, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.