ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრას გამოეხმაურა.
„თუ სწორად მახსოვს, ისრაელში კომპეტენციის მკაფიო გამიჯვნისა და გარკვეული გამოწვევების გამო, პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლაც კი ეკრძალება, არათუ უცხოეთის ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება.
წარმოიდგინეთ, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად, არამედ პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო. ეს ხომ უკვე უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. შესაბამისად, ისრაელის მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის გასვლაც კი საჭიროებს მთავრობის თანხმობას, რადგან შეიძლება, ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს, ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს.
ან დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც უკვე განაცხადია სახელმწიფოს მხრიდან, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს. ამასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ გვიფიქრია თავის დროზე, როდესაც ახალი კონსტიტუცია იწერებოდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, მკაფიოდ არის გამიჯნული სამართლებრივად, რომ ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს პრეზიდენტი, როდესაც მთავრობა მისცემს თანხმობას.
ეს ადამიანი (პრეზიდენტი) მთავრობას აკრიტიკებს – სად ხართ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ორიენტაციაშიც კი ეჭვი შეაქვს, სპეკულაციურად, სპეციალურად, ნაცნარატივის შესაბამისად. ამ დროს, თან ითხოვს, თქვენ მაგივრად ჩვენს ქვეყანას მე წარვადგენ უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაშიო. ასევე, მათ შორის, ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი. ანუ დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს. ამ შეფუთვის იმედად, რომ „მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს, სადაც მინდა, იქ ჩავალ და როგორც მინდა, ისე დავარღვევ კონსტიტუციას“. „ნაცები“ და მთელი მათი კლასტერი მხარს უჭერს მას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც. იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის“, – განაცხადა მდინარაძემ.