„რუსი გოგონა გავიცანი, აქედან უკრაინაში მივდივარ, უკრაინა თუ მიმიღებს, თანაც იქ შეყვარებული მყავსო“

გუშინ გოგონა გავიცანი, რაღა გოგონა, ქალი, 26 წლის, რუსი. თავიდან 18 წლის მეგონა. იქ, საიდანაც ვარ, ყველანი თავის წლოვანებაზე ახალგაზრდად გამოიყურებიანო, მითხრა. თუ 50 წელს გადაცილებული მოხუცები იმ ჩვენს მხარეს ტოვებენ და საცხოვრებლად სხვაგან გადადიან, მალევე კვდებიანო. რუჯის ნასახი არა აქვს, ფერმკრთალია.

იცით, საიდან არის გამოქცეული? ჩუკოტკიდან. პუტინის რეჟიმს გამოექცა. რამდენიმე ჩემი მეგობარი დაიჭირეს, სადღაც გადაკარგეს, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ერთსაც მაგადანში უკრეს თავიო. (მაგადანში!) ეს ქალი ახლობელს გაუფრთხილებია და დროზე გამოქცეულა.

არავითარი ბიზნესი არ აქვს, უფულოდ არის, აქ შეიკედლეს. ავტობუსით ვიმგზავრეთ, აღშფოთებული იყო: იქ ჩუკოტკაზე ადამიანთა მხოლოდ 1 პროცენტი ეწინააღმდეგება პუტინს, დანარჩენები მონები არიანო. ისე ემოციურად გაყვიროდა, მთელი ავტობუსი დააფრთხო. აქაც არიან პუტინისტები-მეთქი და ვიციო.
ჩუკოტკაზე სულ თეთრი ღამეებია, მზე წესიერად ვერც ამოდის, ასე ჰორიზონტზე მოძრაობს და მალევე ჩადის, ხალხი გამოათაყვანა სიბნელემ და გაუგებარმა თეთრმა ღამეებმა, სულ სმაში არიან, ბოსტნეული არ ვიცით რა არის, ჩინური პლასტმასა შემოაქვთ და იმას ვჭამთო. აღარ შემიძლია, ვეღარ დავბრუნდებიო. იქიდან საფრანგეთში გამოვიქეცი, მაგრამ რუსული პასპორტი მქონდა და არ მიმიღესო. არავინ მიღებს, მხოლოდ აქ შევძელი ჩამოსვლა, გაგეცინება და აქედან უკრაინაში მივდივარ, უკრაინა თუ მიმიღებს, თანაც იქ შეყვარებული მყავსო. ძალიან გონიერი ვინმე ჩანდა, ლაპარაკში გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაც კი იცოდა თავისი უცნაური დეტალებით.

მე ვეხუმრებოდი და ნელ-ნელა გაიღიმა, ბოლოსკენ გავაცინე კიდეც. მედალს მართლა ორი მხარე აქვს. ყურადღებით ვიყოთ თითოეული ადამიანისადმი.

ალეკო შუღლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები