ხატია დეკანოიძე: შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებები ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას
ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ ვერ მოგვცემს, თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 2024 წელს მნიშვნელოვანი მისია აქვს შესასრულებელი.
„შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადება ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეს არის, პირველ ყოვლისა, უკრაინის თავგანწირვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც დიდი ხანია, ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღას ელოდებიან, გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და გაფართოების ახალ ტალღაში მოვხვდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრაა რეგიონში. თუმცა, დღეს გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების თვალსაზრისით შესასრულებელი აქვს საშინაო დავალება, 12 რეკომენდაცია“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.