ირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდება ისევ კატეგორიულად უარყო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა ისევ უარყო ბრალდებები რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ირანი არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე, ხოლო რუსეთთან თანამშრომლობა საერთაშორისო კანონების ფარგლებში ხდება.

ამის შესახებ მან ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე თქვა.

“რაც შეეხება დრონებს, ჩვენ მოწმენი ვართ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, შეერთებული შტატების მედიის მიერ საზოგადოების მუდმივი შეცდომაში შეყვანის გაგრძელების. ჩვენ არაერთხელ უარვყავით განცხადებები თეირანსა და მოსკოვს შორის სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ. ირანი არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე“, – განაცხადა ქანაანმა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაჟინებით მოითხოვს უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას და მხარეებმა, რომლებიც ირანს დრონების გაგზავნაში ადანაშაულებენ, თავად უნდა შეწყვიტონ იარაღის გაგზავნა უკრაინაში, რადგან „იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს კონფლიქტის დასრულებას და, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება მათივე განცხადებებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები