ზინა კვერენჩხილაძე – დიდი ხელოვანი, ვინც არასოდეს ყოფილა თავის ხალხსა და სამშობლოზე ბედნიერი

დღეს შესრულდა 91 წელიწადი ზინა კვერენჩხილაძის დაბადებიდან (1932-2011).
მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში, დღეს ბევრი ქართველი მივა და სანთელს აანთებს ზინა კვერენჩხილაძის სახელზე. მისთვის ვინც ამ წმინდა მიწაზე პოვა უკანასკნელი განსასვენებელი, ვინც თავისი საჩინო ღვაწლით ერის მარადიულ სულს შეუერთდა და ვისი ხსენებაც ჩვენს გულში ნათლის სხივს აძლიერებს. რა ზუსტად დაწერა 40 წლის წინათ მის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა მზია კობერიძემ: „კითხულობს ზინა კვერენჩხილაძე – მზის შარავანდედით იმოსება ირგვლივ ყოველი”…
მე წლეულს არ მაქვს იმის პრივილეგია, დაბადების დღეზე ვეწვიო მის საფლავს და მადლობა ვუთხრა იმ სიხარულისა და ნეტარებისთვის, რითაც იგი ჩვენს სულს აცისკროვნებდა.

ანა კალანდაძე და ზინა კვერენჩხილაძე

იგი დარჩება, როგორც უზარმაზარი ტრაგიკოსი მსახიობი, ვინც შესწვდა უმაღლესს მწვერვალებს და ქართული თეატრის ლეგენდად იქცა!
ის კი, რაც მან მხატვრული კითხვის ხელოვნებაში შეძლო, არის აუწონელი სიმდიდრე. მასზე დიდი გამკითხავი და წარმომჩენელი სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობას არ ჰყოლია. მის კვალდაკვალ განვითარდა ეს ჟანრი და არაერთი მიმდევარიც გამოუჩნდა. ახლახან გარდაცვლილი გოგი ხარაბაძე სწორედ ზინა კვერენჩხილაძეს მიიჩნევდა თავის წინამორბედად და მასწავლებლად. ჩემთან პირად საუბარში არაერთხელ უთქვამს და დაწერილიც აქვს გოგი ხარაბაძეს, რომ მხატვრული კითხვის უნივერსიტეტი მისთვის იყო ზინა კვერენჩხილაძის სიტყვასთან დამოკიდებულება და თავი ბედის რჩეულად მიაჩნდა, რომ მასთან სცენაზე პარტნიორობაც მოუწია!
ზინა კვერენჩხილაძის პიროვნებასა და ხელოვნებაზე ბევრი თქმულა და კიდევ ბევრჯერ იქნება მისი ხსენება. ის დარჩება მუდამ თანამედროვედ, რადგან მისი მთავარი საფიქრალი იყო ადამიანი, სტკიოდა მისი ტკივილები,.მძაფრი იყო მისი რეაქცია უსამართლობაზე, ძალმომრეობასა და ათას მანკიერ ზნეზე, რაც გზას უხერგავს საზოგადოების ბუნებრივ პროგრესს და განვითარებას. ის არასოდეს ყოფილა თავის სამშობლოზე ბედნიერი, მორალური ფასეულობები იყო მისთვის უმთავრესი და ამ მრწამსისთვის არასდროს უღალატია.
ზინა კვერენჩხილაძის ყოფნას ამ სამყაროში საუკეთესოდ გამოხატავს ოთარ ჭილაძის პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში”. განსაკუთრებით კი ეს სტრიქონები, რომელსაც იშვიათი სისათუთით და სიყვარულით კითხულობდა:
„შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად,
მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი…
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად,
როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში”.
შინაგანი ხმა და სინდისი არასოდეს აძლევდა მას მშვიდად და უდრტვინველად ცხოვრების უფლებას. სწორედ ამიტომ არის ზინა კვერენჩხილაძე ზედროული ხელოვანი, ვისი ცხოვრებისეული კრედოც მეტ აქტუალობას იძენს კიდევ უფრო გართულებულ სამყაროში.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები