“ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც გრძელდება ქვეყანაში” – კელი დეგნანი

„ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც გრძელდება ქვეყანაში. როდესაც 2020 წლის იანვარში საქართველოში ჩამოვედი, უკვე კრიზისი მიმდინარეობდა, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავებას მოჰყვა”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ქვეყანა უკვე გაყოფილი იყო. სამწუხაროდ, მოჰყვა მოვლენები, რომლებიც გაღრმავდა და აღრმავებდა ამ პოლარიზაციას. ნამდვილად ვთანამშრომლობდი ევროკავშირისა და სხვა ელჩებთან ერთად, ვისაც საქართველოში სტაბილურობა, პროგრესი აღელვებს, რათა მოგვეძებნა გზები, რომელიც პოლარიზაციას შეამცირებდა.

ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პარტიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს აირჩიეს, სთხოვეს ამერიკას და ევროკავშირს, რომ შეესრულებინათ ფასილიტატორის როლი გამოსავლის მოძებნაში. ეს ყველაფერი აპრილის შეთანხმებაში აისახა და ამა თუ იმ ფორმით თავად პარტიებმა აიღეს ვალდებულებები. ამერიკასა და ევროკავშირს არ შეუქმნია არც ეს დოკუმენტი და არც პირობები. ეს იყო მოლაპარაკების საგანი, საქართველოში პოლიტიკოსების მოლაპარაკების შედეგი. 2019 წლის შემდეგ 150-მა წევრმა ხელი მოაწერა და დაეთანხმა იმ იდეას, რომ კონსტრუქციულად ითანამშრომლებდნენ პარლამენტში, ხელს შეუწყობდნენ რეფორმებს და საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანდნენ. აშშ და ევროკავშირი წახალისებას აკეთებდა. შეიძლება, ტექნიკური ექსპერტების მონაწილეობასაც უზრუნველყოფდა, მაგალითად, ისეთების, როგორიც არის ელექტრონული არჩევნები, რომ თავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოეძებნათ გამოსავალი. იმედი გვაქვს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ამას განაგრძობენ პარლამენტში და ძალზე სწრაფად მოხდება. ასე მუშაობს დემოკრატია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანმა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა.

„ელექტრონული არჩევნების შემოთავაზება პოლიტიკური პარტიების მიერ იქნა მოწოდებული და არა – ჩვენ მიერ. ჩვენ მოვუწოდეთ, ეს პროცესი უფრო ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, ვინაიდან განსხვავებულია, რთულია და ძალზე ძვირი პროცესია ამ აპარატურის შეძენა. ასეთი იდეა იყო – ტესტირება უბნების 10%-ში. შემდეგ იყო წინადადება შემდეგ არჩევნებში უბნების 70%-ის დაფარვისა და ამის გაგრძელება იმის მიხედვით, რამდენად უხარვეზოდ და უპრობლემოდ ჩაივლის პროცესი. ყველას გაგვიკვირდა, როდესაც 10 პროცენტიდან 90 პროცენტამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ძალზე ამბიციურია, ამიტომაც, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია ამომრჩევლებისათვის, უბნების თანამშრომლებისათვის, საარჩევნო პროცესში მონაწილე თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები