“საფრანგეთი არ ცნობს რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებს” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უკანონოდ მიიჩნევს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების „მითვისებას“.
ამის შესახებ მან ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია იყო სრულიად უკანონო და არღვევდა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ამის შემდეგ ნახევარკუნძულზე ვითარება სტაბილურად უარესდებოდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო ყველას წინაშე, თქვენ გვერდით: საფრანგეთი არ ცნობს არც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და არც იქ ორგანიზებული ფსევდოარჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა გამოხატა პატივისცემა და სოლიდარობა უკრაინელების მიმართ და დაგმო რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორც ომის დანაშაული.
„ჩვენ ვრჩებით თქვენ გვერდით უკრაინის ევროპულ გზაზე და თქვენს სწრაფვაში სამართლიანი და მდგრადი სამყაროსკენ, ანუ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მქონე სამყაროში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.