“ყველაფერი ყირიმში დაიწყო და იქ უნდა დასრულდეს” – ლიეტვის პრეზიდენტი

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია სწორედ ყირიმიდან დაიწყო და ცხადია, რომ ეს ნახევარკუნძული იქნება ის ადგილი, სადაც ის საბოლოოდ დასრულდება.

ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს წინ უძღოდა ჰიბრიდული შეიარაღებული აგრესია 2014 წელს.

„ჩვენ, ყველა ვხედავდით, როგორ გაუხსნა გზა საერთაშორისო სამართლის ერთმა ცინიკურმა დარღვევამ მეორეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

“ყველაფერი ყირიმში დაიწყო 2014 წლის თებერვალში. და, როგორც ჩანს, ის იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს – როდესაც ყირიმი უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნდება. უკრაინელი ხალხი იმსახურებს ყირიმის განთავისუფლებას და უსაფრთხოებას. ადგილობრივები, ყირიმელი თათრები, რომლებიც განიცადეს ეთნიკური წმენდა და გენოციდის ტალღები ჯერ ცარისტული, შემდეგ საბჭოთა რეჟიმების დროს, იმსახურებენ თავიანთი სახლის აშენებას დისკრიმინაციისა და რეპრესიების გარეშე“, – ხაზგასმით აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია უზრუნველყოს,  რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა რაოდენობა წელსაც გაიზარდა და მას დაემატა ახალი ორგანიზაციები და სახელმწიფოები, მათ შორის, სერბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

უკრაინაში პირადად ჩასულ მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან – ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა; პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუზა; ფინეთის პრემიერმინისტრი – პეტერი ორპო.

ცოტა ხნის წინ ყირიმის პლატფორმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

მისი თქმით, “ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა – გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – ზღვა, რომელიც არ შეიძლება, დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე – ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები