ირაკლი ქადაგიშვილი: „ლელოს“ მცდელობა მიზნად ისახავს რიკოთის უღელტეხილის პროექტის დაზიანებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების საერთაშორისო აუდიტირების საკითხთან დაკავშირებით “ლელოს” განცხადებას გამოეხმაურა.
„ლელოს“ მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს რიკოთის უღელტეხილის პროექტის დაზიანებას, ამით არ შემოიფარგლება და ამაზე კონკრეტული მინიშნებებიც არის. პერსპექტივაში ეს ანაკლიის პროექტსაც მიადგება. „ლელოს“ ეს მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება შეფერხდეს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. რაც შეეხება კონკრეტულად აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამინისტრომ და მინისტრმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, „ლელო“ და ოპოზიცია ამაზე არ გაჩერდება. ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას მოხმარდება, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იქნება. დავინახეთ, როგორი თავდასხმის ობიექტი გახდა უკვე ბოლოსკენ მიმავალი რიკოთის ეს პროექტი. ანალოგიური თავდასხმის ობიექტი იქნება ახალი აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა და ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარება ურეიტინგო ოპოზიციას რევოლუციის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
“ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი. ნაცვლიშვილის განმარტებით, აუცილებელია, საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა რიკოთის უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი საკითხების და ფინანსური აუდიტი ჩაატაროს.