მან შეძლო სიცოცხლე სამშობლოსთვის

გოგი ხარაბაძეს ისე ძალუმად უყვარდა სიცოცხლე, სამშობლო და ადამიანები, შეუძლებელია, მისმა გარდაცვალებამ განსაკუთრებული სინანული არ გამოიწვიოს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში! თუკი რომელიმე მოღვაწეზე ითქმის თავისუფალი საქართველოს მოსაპოვებლად სიტყვით და საქმით ირჯებოდაო, ეს გახლავთ ბატონი გიორგი ხარაბაძე, სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს, სატელევიზიო თუ რადიოგადაცემების, მხატვრული კითხვის უბადლო ხელოვანი!
მისი გარდაცვალების ცნობამ, მყისიერად ის მწარე სიტყვები გამახსენდა, რომელიც ამ ათიოდე წლის წინათ დიდმა ხელოვანმა თავის ერთ-ერთ წიგნში დაწერა: „სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი. ვინც მიცნობს, იფიქრებს ასეთ დროს სულ გაბოროტდაო. არა, პირიქით… ტკივილებითაა აღსავსე ჩემი სული, მაგრამ უნაზესი ტკივილებით“.
ვინც ვიცნობდით, ფიქრშიც ვერ დავუშვებდით მის გაბოროტებას… იგი იყო სამართლიანი, გულნათელი და უტეხი კაცი, რომელიც ცხოვრების უმძიმეს მომენტებში არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს, გაუსაძლის მარტოობაში მუდამ ერეოდა საკუთარ თავს!
როცა რუსთაველის თეატრისთვის ის მიუღებელი გახდა, პირუჩუმრად გამოიხურა მისი ყველაზე საყვარელი სამყოფლის კარი.
ქართული მწერლობის, პოეზიის უკიდეგანო კოსმოსში პოვა მან თავშესაფარი. მუდამ ახალ პროექტებს დასტრიალებდა მისი გონება და ამით უმკლავდებოდა მარტოობას. 50 წლის ასაკში, რუსთაველის თეატრიდან წამოსულს, მას რომ ხელი ჩაექნია და წუწუნში გაელია დარჩენილი წუთისოფელი, რამხელა მონაპოვარი დააკლდებოდა ჩვენს სულიერებას?!
სამი ათეული წლის განმავლობაში მან გამოსცა ათამდე წიგნი, შექმნა ოთხი მოციქულის: მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანეს „ახალი აღთქმის” ტელევერსია. ასევე გააკეთა მსოფლიო პოეზიისა და ქართული საგანძურის აუდიოვერსია (29 დისკი), „ბიბლიის” პირველი სრული აუდიოვერსია (51 დისკი). რაც დრო გავა, მხატვრული კითხვის ამ ნიმუშების მნიშვნელობა და ღირებულება უფრო გაიზრდება. ისინი სწორი და გამართული ქართულმეტყველების მწვერვალად დარჩება შთამომავლობას.
დიდი გულისტკივილით ვემშვიდობები საქართველოზე მოფიქრალ და მის მომავალზე მზრუნველ დიდებულ პიროვნებას. მეგობრობისთვის თავგადადებულ კაცს, რომელიც თავის ყურადღებას და ადამიანურ სითბოს ათასობით კილომეტრის მიღმაც მაგრძნობინებდა, რითაც უზომოდ ამაყიც ვარ და მადლობელიც!
შემთხვევითი არ არის, რომ მან თავის წიგნს „თამადას” (გამომცემლობა „პეტიტი”, 2008 წელი) ეპილოგად ციცერონის ეს სიტყვები დაურთო: „შენ დაიბადე არა შენთვის, არა ჩემთვის, არამედ სამშობლოსთვის”.
პირნათელი მიდის იმქვეყნიურ ცხოვრებაში გოგი ხარაბაძე, რადგან ღირსეულად განვლო ეს საწუთრო – მან შეძლო სიცოცხლე სამშობლოსთვის!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები