ლატვიამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც დღემდე რუსეთთან ექსპორტს ახორციელებენ
ლატვიის ცენტრალურმა სტატისტიკურმა ბიურომ იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობას აგრძელებენ.
ამის შესახებ ტელერადიოკომპანია LSM იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ილზე ინდრიქსონემ ბიუროს ამ სიის გამოქვეყნება დაავალა, თუმცა მანამდე სამინისტრო მის გამოქვეყნებას, კომერციული საიდუმლოების მოტივით, ეწინააღმდეგებოდა.
მინისტრის თქმით, სიაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია არღვევს კანონს ან ევროკავშირის სანქციებს. სიაში მოცემულია მხოლოდ კომპანიების დასახელებები და არ არის მითითებული ექსპორტირებული საქონლის მოცულობა ან სახეობა.
სიის მიხედვით, რომელიც ყოველთვიურად განახლდება, 2022 წელს 800-ზე მეტი ლატვიური კომპანია ახორციელებდა ექსპორტს რუსეთში, ხოლო წელს, ივნისამდე, დაახლოებით 300. ეს არის 1095 კომპანიაზე ნაკლები, რომლებიც რუსეთთან 2019 წელს ვაჭრობდნენ.
გასულ წელს, ბელარუსში ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა, წელს კი, დაახლოებით – 170-მა.
LSM-ის ცნობით, ყველაზე ხშირად ლატვიიდან რუსეთში გატანილია საკვები პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები, ნაკლები სიხშირით – ქიმიკატები და მედიკამენტები, მანქანები და ელექტრო მოწყობილობები, ასევე ტექსტილი.