შვედეთმა ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა
შვედეთმა ყურანის დაწვით გამოწვეული დაძაბულობის გამო, ქვეყნისთვის ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა.
ამის შესახებ SVT იტყობინება.
უსაფრთხოების პოლიცია Säpo-ში განაცხადეს, რომ საფრთხის შეფასება მე-3 დონიდან მე-4 დონემდე გაზარდეს, სულ ხუთი საფეხური არსებობს.
პოლიციის უფროსმა, შარლოტა ფონ ესენმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ არის ერთი რომელიმე მოვლენა, არამედ უსაფრთხოების სიტუაციის ზოგადი შეფასებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია თანდათან უარესდება.
მისი აზრით, ყურანის დაწვის მთელი რიგი ღონისძიებების გამო, შვედეთი ისლამისტი ტერორისტებისთვის, შესაძლოა სამიზნე გახდეს.
ტერორისტული საფრთხის დონე 4-მდე ასევე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გაზარდეს. ყურანის დაწვის აქციების ფონზე, შვედეთმა სასაზღვრო კონტროლი და შიდა შემოწმებები გააძლიერა.
ქვეყანაში უკვე გაიგზავნა ანონიმური შეტყობინებები ყურანის დაწვისთვის შურისძიების მოწოდებით.