შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა – სტიქიის დროს სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის ვერტმფრენები

სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს სტიქიასთან ერთად დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა. რთულია, ერთი მხრივ, მადლობებს უხდიდე მაშველებს, მეორე მხრივ, საყვედურობდე, თითქოს დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტმფრენი, დაგვიანებით მივიდნენ მაშველები, ეს ერთმანეთთან არ თავსდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის ზონაში აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სოფელ გლოლაში ვიყავით ახლა პანაშვიდზე. მძიმე წუთებია ოჯახებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ეს დანაკარგი. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა დამეწყრილ ტერიტორიაზე. დარჩენილია ალბათ ფართობის 25 პროცენტი, რომელიც არის კიდევ საკვლევი. აღმოჩენილია 25 ცხედარი. ასევე, აღმოჩენილია ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ამ 25-იდან არ ეკუთვნის არცერთს, ვნახოთ, ამაზეც იქნება ანალიზი და შედეგები. ზოგადად მძიმე სურათია. როდესაც ეძებენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამავე დროს, ხედავენ იმ მძიმე სურათს, რაც ამ ტერიტორიაზეა და გარკვეული წინათგრძნობა აქვთ მათ ბედთან დაკავშირებით, ოჯახებთან ამ დღეებში როცა გვქონდა საუბარი, დიდი იყო სურვილი, ცხედარი მაინც ეპოვათ, რთულია, თქვა, რომ ეს რამე შემსუბუქებაა, მაგრამ ალბათ მათ ტვირთს ამსუბუქებს. ამიტომაც ბოლომდე შრომობენ ჩვენი მაშველები, სპეცტექნიკა ჩართულია, ფიზიკური ძალა, რათა ეს ტერიტორია ყველანაირად იქნას დაძებნილი და თუ რაიმეს აღმოჩენა შეიძლება, იყოს აღმოჩენილი.

ჩვენ ვაკვირდებით პირველივე წუთებიდან ჩვენი მაშველების მუშაობას და ვფიქრობ, ის მადლობები, რომლებსაც ვისმენთ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის დაკარგულთა ოჯახების მხრიდან მაშველების და ყველა იმ სამსახურის მიმართ, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვფიქრობ, ეს არის მათი შრომის მთავარი შეფასება.

სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს სტიქიასთან ერთად დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა. რთულია, ერთი მხრივ, მადლობებს უხდიდე მაშველებს, მეორე მხრივ, საყვედურობდე, თითქოს დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტმფრენი, დაგვიანებით მივიდნენ მაშველები, ეს ერთმანეთთან არ თავსდება. თუ მადლობას ვუხდით, იმიტომაც ვუხდით მადლობას, რომ იმ სტანდარტებსა და შესაძლებლობებში, რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი, ორი თბილისიდან, ერთი ქუთაისიდან. ქუთაისიდან, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა ვერ შესრულდა, თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტმფრენი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამი საათი ჰქონდა ვერტმფრენს სამუშაოდ, დღის სინათლეში. ამ სამი საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული, მათ შორის დრონების მეშვეობით, რომლებიც პარალელურად, უფრო ახლო დისტანციიდან ახდენდნენ ადამიანების იდენტიფიცირებას. ამიტომ საკმარისი დრო იყო, რათა ვერტმფრენითაც დათვალიერებულიყო ტერიტორია. 1 000 მეტრის სიგრძის, 270 მეტრი სიგანის ტერიტორიაა. მითუმეტეს, მეწყერის პირობებში მინდვრად არის ქცეული მთელი ეს ტერიტორია, ადვილად ხილვადია გვერდებიდანაც, ვერტმფრენიდანაც და დრონი როცა იყო ჩართული, მათ შორის დრონის მეშვეობით. შესაბამისად, ყველა, ვინც მეწყერის ეპიცენტრში იყო, იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით ქალაქ ონში. ასევე, დარჩენილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეწყერმა მოწყვიტა, ასე ვთქვათ, დანარჩენ სამყაროს, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ ასევე გადაყვანილი იყვნენ ქალაქ ონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 25 ადამიანი. მაშველები 8 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები