არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა. არასამთარვობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მომატებული კრიმინალის შემთხვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე ხშირად არათანaმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. აღნიშნულის შესახებ ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია უკანასკნელ პერიოდში მომხდარ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.
“ბოლოდროინდელი მკვლელობებისა და დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ მძიმე დანაშაულების რიცხვი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე მომატებული კრიმინალის შემთხვევების შესახებ ხშირად არათანaმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. ობიექტური რეალობის ასახვისა და მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად კი, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აქვს თუ არა სახელმწიფოს დანაშაულთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სტრატეგია და რა მეთოდებით წარმოებს დანაშაულის სტატისტიკის გამოანგარიშება. მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, უნდა უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა კეთდება ამ დანაშაულების დროული გამოძიებისათვის და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის. ამასთანავე, უნდა გადაიხედოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდები და ამ მიმართულებით ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს:
სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდის კრიმინოგენული მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს; უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის; შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა; რეციდივიზმთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროგრამებს; ვადაზე ადრე გათავისუფლებისას შესაბამისმა ორგანოებმა ზედმიწევნით შეისწავლონ ყოველი პატიმრის საქმე, პოლიტიკოსებმა კი რეკომენდაციების გაცემისას გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ისინი საზოგადოების წინაშე იღებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”; “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები