გურამ მეგრელიშვილი – „მოდი, ხაჭაპურზე მოგიყვებით!“

ერთხელ, ათათურქის აეროპორტში გრძელი გადაჯდომისას, ბელორუსი, ლიტველი და ნორვეგიელი გავიცანი. მომდევნო წლის ზაფხულის მოგზაურობას გეგმავდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, ჩინეთში გაფრენილიყვნენ თუ ავსტრიიდან თურქეთის მიმართულებით მანქანით წასულიყვნენ. როდესაც ლაპარაკი საქართველოზე ჩამოვარდა, სტანდარტული კითხვა დამისვეს, რატომ უნდა ავარჩიოთ საქართველო, შენ როგორ ხედავ საკუთარ ქვეყანასო.

ამ ურთულეს შეკითხვაზე პასუხი ალბათ დედამიწაზე არავის მოუფიქრებია, მე მით უმეტეს გამიჭირდებოდა ახსნა, რითია გამორჩეული 70 000 კვადრატული კილომეტრი მიწა, რომლის 23 %-ზე მეტი მეზობელი ქვეყნის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ასეთ დროს, ლოგიკურია, რომ ადამიანს გიჩნდება სურვილიც და ამბიციაც, რომ მოკლე წინადადებებით მოუყვე უცნობ ადამიანს გენიოს შოთა რუსთაველზე, უნიკალურ ქართულ გალობაზე, რომელიც არსებულ გალობებში ყველაზე ავთენტურია, ბუნებაზე, წელიწადის ოთხივე დროს რომ ფუნქციურია და დედამიწის ყველა, თითქმის ყველა ტიპის ლანდშაფტზე, ამ პატარა ადგილას რომაა თავმოყრილი. გამორჩეულ ხატწერაზე, ანბანზე, 14-დან ერთი რომაა, ლიტერატურაზე, მეოთხე საუკუნეში ფემინისტური ტექსტი რომ შექმნა. არ გინდა გამოგრჩეს ისიც, რომ მსოფლიოში ალბათ პირველი ქალი მონარქი შენ ქვეყანაში გამეფდა და არც უმთავრესი, რომ მსოფლიო კულტურულმა მემკვიდრეობამ ღვინის სამშობლოდ გაღიარა, მაგრამ სწორედ ამდენის მოკლედ მოყოლის სურვილისას, ჩემნაირ ემოციურად ფეთქებად და გახსნილ ადამიანს, სულ სხვა რამ შეიძლება მოგადგეს პირზე და სამ, შენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს ის უთხრა, რაც მე ვუთხარი:

მოდი, ხაჭაპურზე მოგიყვებით!

ხაჭაპურზე ლაპარაკი კი ასე ადვილი არაა, ჯერ ასო-ბგერა „ჭ“-ს გამოთქმა უნდა ასწავლო მსმენელს, მერე აუხსნა, რომ მარტო ამ კერძის 15-მდე ოფიციალური ვარიაცია გაქვთ ქვეყანაში და ამ ვარიაციებშიც იმდენი გრადაციაა, რომ ძალიანაც რომ მოინდომო, 2 ერთნაირი გემოს ხაჭაპურს ვერსად შეჭამ.

საქართველოში 250-მდე ან უფრო მეტი კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ყველა კუთხეს თავისი, სრულიად უნიკალური წესი და ჩვეულება აქვს და ამ ჩვეულებებსა და გემოებს შორის დიდი ისტორია იმალება.

ქართველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საკუთარი იდენტობის დასადასტურებლად, ყველა კერძს, რასაც ამ ქვეყანაში ამზადებენ, ქართული უწოდონ, სინამდვილეში კი, ქართული კულინარიის საიდუმლოება ისაა, რომ ალბათ უმეტესობა მათგანს ვერ დავარქმევდით ქართულს და ამავე დროს, ყველა, მართლაც რომ, ქართულია.

უცნაურობა რაში მდგომარეობს? საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილი იყო. ამ კვეთებს თავისი წესებისა და გემოების შემოტანა, დამკვიდრება და მერე უკან წაღება მოსდევდა. ამ პატარა მიწაზე, სადაც კულინარია კულტურის უცვლელი შემადგენელი ნაწილია, ისეთი გემოები და ვარიაციებია შემონახული, რომელიც, იქნებ, წარმოშობის ადგილსაც კი სჯობდეს და ამეტებდეს.

აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახება, შერწყმა და ახალი სახით წარმოჩინება საქართველოს სავიზიტო ბარათია. ქართველებმა სწორედ ეს მოახერხეს და ამით, ამ პატარა ქვეყნის ნიშა სრულიად უნიკალურია.

რეგიონისთვის დამახასიათებელი და გასაგები გემოები, გამორჩეული და ავთენტური კიდევ ერთი საიდუმლოების გამოა საინტერესო: ცნობილია, რომ მედეა, მედიცინის დამაარსებელი კოლხი ქალი, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ამ პრეისტორიულ ქალს, კოლხეთის მიწებზე ფანტასტიკური ბაღი ჰქონია გაშენებული. იქნებ ამიტომაც, ქართული სამზარეულო სუნელებითა და სანელებლებითაა ცნობილი. გამორჩეული, განსხვავებული და იქნებ უნიკალური გემოები ქართულ კერძებს ამიტომ აქვთ. მოსაყოლს ავცდით და ისევ ხაჭაპურზე რომ ვილაპარაკოთ, თუკი ნამდვილი ქართული კერძი უნდა დასახელდეს, ხაჭაპური ამ ჩამონათვალში ნამდვილად ერთ-ერთია. ყველისა და ცომისგან შექმნილ ამ მარტივ კერძს აღმოსავლეთში სხვანაირად ამზადებენ, დასავლეთში სხვანაირად, ჩრდილოეთსა და სამხრეთში სხვა გემო აქვს და სხვანაირადაც იჭმევა.

ტრადიციულ ქართულ ხაჭაპურთან ნაცნობობა კი სუნით იწყება. ზოგადად, სიყვარული ხომ სუნით იწყება, როგორც კომუნიკაციის პირველი და უმთავრესი ფორმით. ხაჭაპურს კი, როგორც უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები ამბობენ, დედის სუნი აქვს. არ ვიცი, როგორ შეიძლება კერძს დედის სუნი ჰქონდეს, მაგრამ ასე კი ამბობენ და მჯერა, რადგან პირველი, რასაც რესტორანში შესული უცხოელი უკვეთავს, სწორედ ეს საოცარი საჭმელია.

საქართველოს, რომ შეეძლოს და საკუთარი ამბავი მოყვეს, ალბათ თხრობას ასე დაიწყებდა:

მე, საქართველო, იდეა ვარ, რომლის მატერიალიზაციასაც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული ერების, ეთნოსების, რელიგიებისა და ხალხების თანაცხოვრებით რუდუნებით ვცდილობ.

მე, საქართველოს, რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველობა მაქვს, რადგან საუკუნეების განმავლობაში, ყველა დამპყრობელი, ვინც დასაპყრობად შემოდიოდა, საცხოვრებლადაც რჩებოდა აქ. ეს ლტოლვა, უცნაური ლტოლვა ჩემი მიწის მიმართ, ამოუხსნელია. დიდი კულტურის და ორი უძველესი ცივილიზაციის უწყვეტად გამგრძელებელი ვარ, აქ სადღეგრძელოს ღვინით 8000 წლის წინაც ამბობდნენ, მაგრამ მოდი, მცირედით დავიწყოთ, მოდი, ხაჭაპურზე ვილაპარაკოთ!“

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები