„ის გლეხი ძალიან ჰგავდა საქართველოს, გამოდევნებულსა და გაწბილებულს“ – ზვიად რატიანის ემოციური ისტორია

„2000 წლის მარტია. რიკოთზე ვმუშაობთ. მე და გელა ვთხრით, სპირო და იანისი მუფტას აწყობენ, ლუკასი თავის ჭკვიან აპარატს ამზადებს.

იქვე, როგორც წესი, რამდენიმე ცნობისმოყვარე დგას და ჩვენს საქმიანობას დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს: ეს ფერადი კაბელი, უცნაური აპარატები და სამუშაო იარაღები, მანქანა-ლაბორატორია, უცხოელები…

ბერძნებს ძალიან აღიზიანებთ ეს ცნობისმოყვარეები, რომლებიც უამრავ შეკითხვას სვამენ და, შეკითხვებს ვინღა ჩივის, ხშირად მოხმარებასაც ცდილობენ. ლუკასი სულ ბუზღუნებს და მეუბნება – უთხარი წავიდნენ აქედანო. როგორი სათქმელია?

მოკლედ, ვმუშაობთ. იქვე დგას ერთი ასაკოვანი, დაბალი და ძალიან გამხდარი კაცი. არც შეკითხვებით გვაწუხებს და არც მოხმარებას ცდილობს, მხოლოდ დგას და შემოგვყურებს.

ჩვენს საქმეში იყო ერთი ასეთი ნიუანსი. ვიდრე კაბელებს მუფტაში მოვათავსებდით, მის ბოლოებს იზოლაციისათვის პლასტმასის გოფრირებულ შლანგებში ვუყრიდით. ეს შლანგები ყოველთვის იმაზე გრძელი იყო, ვიდრე გვჭირდებოდა. მორჩენილ ნაწილებს ვჭრიდით და იქვე ვტოვებდით ხოლმე.

ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა იმ კაცმა, მე და გელას მოგვიახლოვდა და ძალიან მორიდებულად გვითხრა: ეს შლანგები თუ არ გჭირდებათო… რომ წავიღოო… ისე მორცხვად და ხმადაბლა ლაპარაკობდა, რამდენჯერმე ჩავეკითხეთ და ძლივს გავიგეთ – რას გვთხოვდა.

გელამ ქართულად მიახალა: რა ჯანდაბად გინდა ეგ შლანგები, ღვინო მაინც არ გაქვსო.

ამის თქმა იყო და მორიდებული გლეხი ცოტათი გამოცოცხლდა, უფრო სწორად, გამომხნევდა: ღვინის მეტი რა მაქვსო.

გელამ – ვიცი, ვიცი, რა ძმარიც გექნებაო.

გლეხმა – რო მოგიტანო და დაგალევინოო?

გელამ – მოიტანე მერე… რისი მომტანი ხარო.

ლუკასმა ჯერ მე მკითხა – რაზე ლაპარაკობენო, შემდეგ კი გელას ისე გადახედა, რომ ის მაშინვე მიხვდა – საუბარი უნდა შეეწყვიტა და მუშაობა გაეგრძელებინა.

ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გაუჩინარდა გლეხი. მხოლოდ მოგვიანებით მოვკარი თვალი – გორაზე ამავალ ბილიკს სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა, ხელში კოხტად გადახვეული წითელი შლანგები ეჭირა. ეს ბილიკი, ალბათ, იმ სოფლისკენ მიდიოდა, მთაზე რომ მოჩანდა.

იმ ადგილას კიდევ კარგა ხანს ვიმუშავეთ, სულ მცირე საათ-ნახევარი მაინც. შემდეგ მუფტა დავმარხეთ და ავიბარგეთ. სამუშაო იარაღები მანქანაში ჩავალაგეთ. მანქანა ფორდის ტიპის მიკროავტობუსი იყო, ლაბორატორიად გადაკეთებული. მე, ჩვეულებისამებრ, უკანა სავარძელზე მოვკალათდი და გზას მივაჩერდი.

დავიძარით. და უეცრად ვხედავ: გორაზე ამავალ ბილიკს ის გლეხი თითქმის სირბილით მოუყვება, ცალ ხელში კალათა უჭირავს და მეორეში გაურკვეველი ფორმის რაღაც, ლოგიკურად – ღვინის ჭურჭელი. დაინახა, რომ ჩვენი მანქანა დაიძრა და ფეხს აუჩქარა.

მაშინვე გავძახე ლუკასს, გააჩერე მეთქი. იმანაც გააჩერა, რა ხდებაო? ის კაცი მოდის მეთქი. ვინ კაციო? აი, ის კაცი- მეთქი, და გლეხისაკენ თითი გავიშვირე. ლუკასი ერთხანს გაკვირვებული ღიმილით უყურებდა ჩია მამაკაცს, თითქმის თავისხელა კალათა რომ ეჭირა ხელში და მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით ჩამორბოდა ტრასისკენ.

უკვე წამოდგომას და გარეთ გადასვლას ვაპირებდი, როცა ლუკასმა მანქანა ისევ დაქოქა და დაიძრა. რას აკეთებ, დაიცადე-მეთქი, გავძახე. იმან კი – ვიცი თქვენი ამბავიო, დაიწყებთ სმას და ნახევარ დღეს დაგვაკარგვინებთო.

შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ, რატომღაც, აღარაფერი მითქვამს, ისევ უკან მივბრუნდი და გლეხს მივაჩერდი.

მან დაინახა, რომ გაჩერებული მანქანა ისევ დაიძრა და ჯერ ფეხს უფრო აუჩქარა, შემდეგ გაჩერდა, შემდეგ ისევ გამოიქცასავით და ისევ გაჩერდა.

სანამ მოსახვევში შევიდოდით, ვხედავდი, როგორ იდგა უძრავად და პატარავდებოდა. შემდეგ გაქრა.

საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი მკერდში. არც ცრემლი წამომსვლია, არც ნიკაპი მიკანკალებდა, მაგრამ ვტიროდი, რაღაცნაირად შიგნით ვტიროდი. ხომ ხდება ზოგჯერ, თითქოს შენ კი არა, არამედ შენში ტირისო რაღაც.

იმ წუთში არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მიირბინა გლეხმა თავის ღარიბულ სახლში, როგორ დააცხობინა ცოლს რაღაც, მჭადები ან ხაჭაპურები, ალბათ, მეზობლისგან ნასესხები ფქვილით. როგორი ფაციფუცით ასხამდა ღვინოს, ყველაზე კარგ ღვინოს, ისეთს, მის კუთხეში “ნატურს” რომ ეძახიან და მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის რომ იმეტებენ. როგორ ებუზღუნებოდა ცოლს, ჩქარა ქენიო, კარგები გააკეთეო, საზღვარგარეთელები არიანო და ასე შემდეგ. როგორ ჩქარობდა, რომ მოესწრო. ვინ იცის, იქნებ ერთი ვარიკაც კი გაიმეტა.

მაშინ ამეებზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად, უსიტყვოდ ვიბოღმებოდი და ვბრაზდებოდი; სხვათა შორის, ლუკასზე არა.

ლუკასი არ იყო ცუდი კაცი, პირიქით, იშვიათად შეხვდები ეგეთ შეგნებულ და სასიამოვნო ადამიანს. უბრალოდ, სხვანაირი იყო. უფრო სწორად, ჩვენ ვიყავით სხვანაირები. ის გლეხი იყო სხვანაირი, თორემ ლუკასი, მეტი რომ არ იქნება, ისეთი ჩვეულებრივი იყო. და თავისებურად სწორადაც მოიქცა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, მართლაც, ნახევარ დღეს მაინც დავაკარგვინებდით.

მას მერე თითქმის ხუთი წელი გავიდა, მე კი დღემდე მახსენდება ის გლეხი – ბილიკზე გაქვავებული, სასმელ-საჭმელით ხელდამშვენებული, გაწბილებული.

მესმის, არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. არ დარჩებოდა ის ღვინო დაულეველი, ის საჭმელიც შეიჭმებოდა, კალათაში რომ ელაგა. ალბათ, უკეთესები შეჭამდნენ, ვიდრე მე და გელა ვიყავით, ან ვიდრე ლუკასი, სპირო და იანისი იყვნენ.

დალევდნენ, მოილხენდნენ, ღვინოს და საჭმელს სხვებიც შემოამატებდნენ და გაებმებოდა დაუგეგმავი ლხინი. ალბათ, შიგადაშიგ გულიანადაც შემოგვაგინებდნენ.

ეს ყველაფერი მესმის. უბრალოდ, ვერაფრით ვიშორებ აზრს, რომ ის გლეხი – იმ დღეს, იმ წუთში – ძალიან ჰგავდა საქართველოს, არა დღევანდელს, არა გუშინდელს, საერთოდ _ საქართველოს, უცხოსთვის ყველაფრის გამმეტებელს, გამოდევნებულსა და გაწბილებულს.

ზვიად რატიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები