მიხეილ სარჯველაძე: საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს
“ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს. თუკი სტატუსი ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია.
“არა მხოლოდ თავსებადობის თვალსაზრისით, ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმის გაცნობიერება ხდება, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიეცა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამართლდება პროგნოზები, რომელიც მათ შორის მედია წრეებში კეთდება. თუკი სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინას ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოს. აქედან გამომდინარე მაღალია მოლოდინიც”, – განაცხადა სარჯველაძემ.