მიხეილ სარჯველაძე: დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ომის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა
“დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ კი, ომის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა, თუ პოლიტიკა ბევრად უფრო რაციონალური და ისეთი მიდგომებით დახუნძლული იქნებოდა, რაც ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებდა. ამ შემთხვევაში მსგავსი აგრესიისა და მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მოღალატეობრივი იყო ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სადაც საქართველო იყო დადანაშაულებული ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულში.
„რასაკვირველია, შეიძლებოდა მუშაობა იმაზე, რომ დამანგრეველი აღარ ყოფილიყო ის ეფექტი, რაც აგვისტოს ომს ჰქონდა. ამავე დროს, ომის შემდეგ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ისეთი პროცესების წარმართვა შეიძლებოდა, რომ გაცილებით უფრო სხვაგვარი ყოფილიყო მსოფლიოს რეაქცია. რა საკვირველია, საუბარი შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმხანად დაშვებულ შეცდომებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პასიურობაზეც. რა თქმა უნდა, ეს პასიურობა საქართველოს ხელისუფლების მუშაობას უნდა გაენეიტრალებინა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ერთი სანქცია მაინც ყოფილიყო და ეს არ ყოფილიყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოღალატეობრივი იყო ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სადაც საქართველო იყო დადანაშაულებული ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულში. ეს იყო ცუდი და მტრული საქციელი საქართველოს წინააღმდეგ. ვიღაცამ ნებსით და ვიღაცამ უნებლიედ, მაგრამ დაშვებული იყო შეცდომა და მოგვიანებით დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ საქართველოს სტრასბურგსა და ჰააგაში გამარჯვებისთვის მიეღწია. ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა რომ ყოფილიყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.