ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით – შალვა პაპუაშვილი
„ეს ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა. ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს. ეს არის, რაც არის სინამდვილე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„თარიღებით მანიპულაციას ერთადერთი მზიანი აქვს მხოლოდ, რომ გახლიჩონ საზოგადოება. თავად მიხეილ სააკაშვილმა და თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააწესა ეს დღე, როგორც დღე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თარიღში დაღუპულებისთვის პატივის მიგებას და კიდევ ერთხელ, ექვსშიც დაიღუპნენ, შვიდშიც, რვაშიც, ცხრაშიც, ათშიც, თერთმეტშიც, თორმეტშიც და ყველას ერთად მივაგებთ პატივს 8 აგვისტოს და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ტრადიცია ბოლო 14 წელია. ამ ტრადიციებს უნდა ვცეთ პატივი და სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.