საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც – შალვა პაპუაშვილი აგვისტოს ომზე

„ყველა ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი, საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებიდან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოს ყოველთვის ჰყოლია და რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აგრესიას აარიდებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
„თავისთავად არის საკითხები, რომელთა თავიდან არიდება შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რთულია მას წინ აღუდგე. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით.
მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც – ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს დღეს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, პატარა და ამიტომაც დავმარცხდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები