ზელენსკი: 15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება – უკრაინელები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ
7 აგვისტო – ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება – ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უკრაინა მოიგებს ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადის.
„7 აგვისტო – ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება – ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა.
როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას – ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას.
უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!“, – განაცხადა ზელენსკიმ.