გურამ მაჭარაშვილი: ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს – დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება
“ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება.
“პირველ რიგში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, დღეს გლოვის დღეა და ყველა ჭირისუფალი უნდა ვიყოთ, ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. პირველივე წუთებიდან ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ისე ბევრი სამინისტრო, პირველი პირების ჩართვით. ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს. სოციალურ ქსელებში, მათ შორის, კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან, პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მოსაძებნია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს, ადგილზე არიან ოჯახის წევრები და ხედავენ, რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანები, ვინც ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან. ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება. დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.