გიორგი მარგველაშვილი ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მანვე, ყურადღება საქართველოს წვლილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანამ ISAF–ის მისიის ფარგლებში შეიტანა. მარგველაშვილის განცხადებით, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ქართველი ჯარისკაცები, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს ავლენენ.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დედამიწის ერთ ნაწილში, ქართველებს თავად აქვთ უსაფრთხოების პრობლემები მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის სახით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები