ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით
“მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით თავის ვალდებულებებს ასრულებს.
„ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა.