ბექა ოდიშარია: ყველაზე დასანანი ისაა, რომ წლების განმავლობაში დარჩიაშვილს და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა

“არ მგონია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, რომ შეცდომები, რომლებსაც ისინი ეძახიან შეცდომებს, დანარჩენი ქვეყნისთვის კი წარმოადგენს პირწმინდა დანაშაულს, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ საკუთარ თანამოქალაქეებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დასანანი ისაა, რომ წლების განმავლობაში დარჩიაშვილს და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა და ამ პროდასავლურობის ყალბი დროშით ყოველთვის ახერხებდნენ დასავლელი პარტნიორების მოტყუებას, თავის მოქონვას თუ შეცდომაში შეყვანას.

„ისინი მუდმივად, სხვადასხვა ხერხით გადადიან კონტრიერიშზე, მათ შორის შეცდომებად მოხსენიება ერთია, მეორეა სტრასბურგზე იერიშის მიტანა და ეს არახალია. ყორღანაშვილებთან შედარება ადამიანის, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ იქნა არა დასჯილი, არამედ შუა საუკუნეების მეთოდით მოკვდინებული, მის მიმართ ასეთი ტიპის ნარატივის გაჟღერება არის კიდევ ერთხელ ამ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების და გულშემატკივრების მოკვდინება და გარდაცვალება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა ყოველ ჯერზე, როდესაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ემთხვევა ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მუდმივად მოახერხონ და შეეცადონ ამ უწყების დისკრედიტაციას. ძალიან დასანანია, რომ საქართველოდან ისმის ასეთი ხმა. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ წლების განმავლობაში დარჩიაშვილს და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა და ამ პროდასავლურობის ყალბი დროშით ყოველთვის ახერხებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოტყუებას, თავის მოქონვას თუ შეცდომაში შეყვანას, სამაგიეროდ კი ვიღებდით აბსოლუტურად წარმოუდგენელ მდგომარეობას ქუჩებში, ციხეებში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ეწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები