გიორგი ცაგარეიშვილი: შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან
“ტრენდი შემოიტანეს ახალი, მოდით, პარტია გავაახალგაზრდავოთო, შეკრიბეს ახალგაზრდები დმანისში, ლამაზი ტბის ნაპირზე და მეორე დღეს გამოუცხადეს, სათავეში ჩაგიყენებთ ჭიაბერაშვილს. რა კარგი შეტყობინებაა, ხომ, ამ ახალგაზრდებისთვის?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა “პირველი არხის” ეთერში “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან.
“ვერ გავწირავთ ამ საზოგადოებას და ხალხს იმისთვის, რომ ისევ ხეებთან დააყენონ ადამიანები, ისევ ციხეებში გააუპატიურონ, ისევ მორგებში მიაჯაჭვონ გარდაცვლილ პატიმრებთან ხელბორკილებით, ისევ ახიონ ბიზნესები და შემდეგ თავიანთი გურუ ციხიდან გაათავისუფლონ, რომ მერე ეს ყველაფერი დაატრიალოს. ყველაფრის თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების. ეს ამბავი არ მოხდება. ტრენდი შემოიტანეს ახალი, მოდით, პარტია გავაახალგაზრდავოთო, შეკრიბეს ახალგაზრდები დმანისში, ლამაზი ტბის ნაპირზე და მეორე დღეს გამოუცხადეს, სათავეში ჩაგიყენებთ ჭიაბერაშვილს. რა კარგი შეტყობინებაა, ხომ, ამ ახალგაზრდებისთვის?! ანუ, შეკრებენ ახალგაზრდებს და ეუბნებიან, სათავეში ჩაგიყენებთ ადეიშვილს, მერე კიდევ შეკრებენ და ეტყვიან, სათავეში ჩაგიყენებთ მერაბიშვილს, მერე კეზერაშვილს, მერე ახალაიას და ა.შ. არ ვიცი, მეგის ქარდავა ციხეშია და ალბათ ისიც უნდათ, შეიამხანაგონ. ეს არის შეტყობინება და პარტიული ორგანიზაციის მშენებლობა? რაც უნდათ, ის აკეთონ, მათი არჩევანია, მაგრამ ეს არის ნულოვანი შედეგი. ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია მაგ პარტიად წოდებულ ორგანიზაციაში, მე რომ ავაზაკების თავყრილობას ვეძახი, ადამიანებს დაავიწყდათ, ვინ იყო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა, ახალაია, კოდუა, კიდევ მეორე ქარდავა და ასე უსასრულოდ, რასაც არცერთი თაბახის ფურცელი არ ეყოფა. შესაბამისად, შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.