დავით ნარმანია საბერძნეთის დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტად მყოფ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მდივანს სპირიდონ კატრამადოსს, ბერძენ ბიზნესმენებსა და საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელეფთერიოს პროიოსს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის რელიგიური ტურიზმის განვითარებასა და თბილისისა და ათენის დაძმობილების გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც მერმა აღნიშნა, ორი ქალაქის დაძმობილება კარგი საშუალებაა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარებაში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ორი ქვეყნის ტუროპერატორი კომპანიები. მისივე თქმით, დაგეგმილია თბილისის ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს თბილისში ტურისტების მოზიდვასა და რელიგიური ტურიზმის განვითარებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბერძნეთის და საქართველოს მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. ელჩის თქმით, საბერძნეთში დღეისათვის 100 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, საქართველოში ასევე არსებობდა ბერძნული დიასპორა და სწორედ ეს არის ორ ქვეყანას შორის ხიდი. სპირიდონ კატრამადოსმა დავით ნარმანია ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში მიიწვია და საბერძნეთის პატრიარქისგან საჩუქრად ხატი გადასცა. თავის მხრივ, სტუმარი დავით ნარმანიამაც დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები