ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: ისტორიული მოვლენაა – ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ატარებს, ათწლეულებია, არ ყოფილა

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ეს არის ისტორიული ფაქტი. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც ატარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ათწლეულები არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში პრემიერმინისტრის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ემთხვევა იმ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება, რომელიც უკავშირდება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას. ჩვენ გვქონდა დიდი გამოცდილება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების და ახლა გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება უფრო მეტი პროექტი, კოორდინაცია და ეს არის იმ ისტორიული როლის რეალიზების შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ეჭირა – შემაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის. ეს პოტენციალი, ვთვლი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ამავდროულად გაიზრდება მნიშვნელობა საქართველოსი, როგორც რეგიონული მოთამაშის. დღეს პარტნიორობა და თანამშრომლობა არის ევროკავშირსა და ჩინეთს შორისაც. ჩინეთი უმსხვილესი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკის თვალსაზრისით. საქართველო აკეთებს იმას, რომ იძენს პარტნიორებს და არა მტრებს. ჩვენი დღის წესრიგი არის ევროინტეგრაცია და ამას ჩვენ მივყვებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეგვიწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორი დიდი სახელმწიფო [ჩინეთი და აშშ] გეოსტრატეგიული მოთამაშეები, რომელთაც აქვთ დიდი მნიშვნელობა. მე მგონია, რომ ჩვენ რადგან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ვინმეს საზიანოდ ხდება. ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო და უზრუნველვყოთ უკეთესი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები