როგორ გადაიღო აკირა კუროსავამ კადრი, რომელსაც სიზმრებში ხედავდა
აკირა კუროსავა ცნობილი პერფექციონისტი იყო და არანაირი მიზეზით, დათმობაზე არ მიდიოდა.
ფილმის – “ჟღალწვერა” – გადაღებისთვის დედამიწის ყველაზე თოვლიანი ადგილი, ჰოკაიდოს მთები შეარჩია, აქვე გადაიღო მოგვიანებით თავისი სიზმრების მეოთხე ნოველაც.
პროდიუსერებმა იცოდნენ მისი ხასიათის შესახებ და ზამთარში 3 ტონა ხელოვნური თოვლი წაიღეს გადასაღებ მოედანზე.
1 კვირა იყო დაბანაკებული გადამღები ჯგუფი ზამთრის კურორტზე. თოვდა, მაგრამ ისე არა, როგორც რეჟისორი ხედავდა. იაპონური კინო ცნობილია თავისი პედანტურობით, აქ წარმოუდგენელი იყო ცნება “გადახარჯვა”, მაგრამ ბიუჯეტი სტანდარტულ გაუთვალისწინებელ 10 %-ს გასცდა.
გაუშვეს ხელოვნური თოვლი და ოპერატორმა თქვა, რომ კარგია. მსახიობებმაც თქვეს – კარგია. კუროსავამ თქვა, რომ არ ვარგა – მსხვილ კადრზე სახეზე ხელოვნური თოვლის დნობა არაბუნებრივი იქნებოდა.
“თუ დათმობაზე წავედი, მე იძულებული გავხდები, ჰარაკირი გავიკეთო, ეს ჩემი მაყურებლის მოტყუება იქნება, პატიოსანი ადამიანი ასე არ იქცევა!” – თქვა რეჟისორმა.
აკირა კუროსავას ორჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ორივე შემთხვევა, მისი აზრით, ხალტურული სცენის გაპარვას უკავშირდებოდა. პროდიუსერებმა იცოდნენ, რომ გენიალური რეჟისორი ჰარაკირს ნამდვილად ჩაიტარებდა, ამიტომ დაუშვეს იშვიათი გამონაკლისი და დაელოდნენ.
კუროსავამ გადამღები ჯგუფი ჩაიზე დაპატიჟა. კიდევ ერთხელ გაიარეს გადასაღები სცენა. დილით მოთოვს, უთქვამს რეჟისორს. მთელი ღამე სიჩუმეში ისხდნენ და გამთენიისას, ბარდნა დაიწყო.
ვისაც მოუსმენია და უნახავს ასეთი თოვლი, მიხვდება, როგორი ხმა აქვს ბარდნას. ჩქამი არ ისმის და მაინც გუგუნია.
გადამღები ჯგუფი გადასაღებ მოედანზე გავიდა და ოპერატორმა გადაიღო ის კადრი, რომელსაც კუროსავა თავის სიზმრებში ხედავდა.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა