ლონდონის ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმმა, უკრაინული ინსტიტუტის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა
საქართველოს და პოლონეთის შემდეგ ალბათ დიდი ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ყველაზე დიდი ყურადღება და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ და დღემდე არ ანელებს ზრუნვას ომისგან დარბეული ადამიანების სანუგეშებლად.
ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმი იშვიათად აღებს თავის კარს მსგავსი აქტივობებისთვის, მაგრამ ლონდონში არსებული უკრაინული ინსტიტუტისთვის, რომელიც ლტოლვილთა დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა. ეს გამონაკლისი დაუშვა. ალბათ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ თავად ფროიდი იყო ლონდონში ლტოლვილი 1938 წელს, რითაც მან ფიზიკური განადგურებისგან იხსნა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
სწორედ ამ სახლში პოვა ფროიდების ოჯახმა სულიერი ნავსაყუდელი. მას შემდეგ 85 წელი გავიდა, მაგრამ მადლიერების გრძნობა და ხსოვნა არ ჩამქრალა და როგორც კი მსგავს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება გახდა საჭირო, მუზეუმი უყოყმანოდ დათანხმდა, საკუთარი დარბაზები და ეზო დაუთმო აღნიშნული აქტივობის მესვეურებს.
ოლია ჰერკულესი – უკრაინელი ავტორი, შეფმზარეული და მოღვაწე ქალბატონია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ლონდონში დამკვიდრდა და დევნილი თანამემამულეების დასახმარებლად კოლოსალურ სამუშაოს სწევს. მან სათავე დაუდო გლობალურ ინიციატივას #CookforUkraine, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში 2.2 მილიონი ფუნტი შეიტანა ომით დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში. მან ლტოლვილობაში დაწერა და გამოსცა ოთხი წიგნი უკრაინულ სამზარეულოზე, სადაც ის ასობით რეცეპტს სთავაზობს მკითხველს. ლონდონში ზოგადად ძალიან უყვართ კულინარიული ლიტერატურა და ოლიას რეცეპტებმა უმალ მიიქცია ყურადღება. ის შარშან გაზეთმა „ობსერვერმა” წლის საუკეთესო მზარეულად დაასახელა, შარშანვე “Vogue UK”-იმ იგი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ქალთა შორის მოიხსენია.
ასზე მეტი სტუმრისთვის, რომელიც ფროიდის მუზეუმში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, ოლია ჰერკულესმა საკუთარი ხელით მოამზადა უკრაინული დელიკატესები და სიამოვნებით მიიპატიჟა მათ გასასინჯად ეზოში გაშლილ სუფრებთან. აქვე უკრაინული ღვინითა და ყავითაც უმასპინძლდებოდნენ შეკრებილ საზოგადოებას. წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოების შესანიშნავი სამეული წარმოადგინეს ოდესის რეგიონიდან. Villa Tinta Red, Artania Rose და Sukholymanske ოჯახურ პირობებში წარმოებული ღვინოებია, რომელთა საგემოვნო და კვებითი ღირსებებში უშუალოდ დავრწმუნდით. ამიტომ იყო, რომ ბევრმა ჩაინიშნა კიდეც ინფორმაცია აღნიშნული ღვინოების სამომავლოდ შესაძენად.
პირველად დააგემოვნეს აქ შეკრებილმა სტუმრებმა უკრაინელი ყავის მეწარმის ვადიმ გრანოვსკის მიერ შექმნილი ყავა სახელწოდებით The Flat Red, რომელიც მას სრულიად უჩვეულო გემოს ანიჭებს სხვადასხვა ხილის წვენის გარკვეული დოზის დამატებით. ასეთი შემადგენლობის და სურნელის ყავა თითქმის ყველამ პირველად გასინჯა და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. უდავოა, რომ ყავის ეს ორიგინალური სახეობა მოიპოვებს აღიარებას და უკრაინული ყავის სახელით დამკვიდრდება.
ფროიდის მუზეუმში შეკრებილ აუდიტორიას სასიამოვნო მუსიკალური მოულოდნელობა ელოდა ნატალია ცუპრიკის (Natalia Tsupryk) სავიოლინო კომპოზიციების მოსმენით. ამ ახალგაზრდა მევიოლინისა და კომპოზიტორის სახელი უდავოდ გახმაურდება, რადგან მისმა მუსიკამ უკვე მიიპყრო ცნობილი ხელოვანების ყურადღება, მას სულ უფრო ხშირად იწვევენ სათანამშრომლოდ როგორც ტელევიზიაში, ასევე კინემატოგრაფსა და თეატრში. იგი კლასიკურ მუსიკის მაგისტრალურ ხაზს ერთგულებს, მაგრამ მის ოპუსებში ბუნებრივად და ხატოვნად გამოკრთის უკრაინული ფოლკლორის მელოდია, რაც ამ ახალ მუსიკალურ ქმნილებებს სიახლის სულით და უსასრულო აღმოჩენის მოლოდინით მსჭვალავს.
ლონდონის უკრაინულ ინსტიტუტს მრავალფეროვანი პროგრამა გააჩნია. აქ ყველა თაობის ადამიანს შეუძლია მოსვლა, ასწავლიან ინგლისურ ენას, არის უკრაინული ენის შემსწავლელი ჯგუფებიც, ასევე არის სხვადასხვა პრაქტიკული კურსები, რაც მნიშვნელოვნად უიოლებს უკრაინიდან ადგილნაცვალ ადამიანებს დაეუფლონ ახალ უნარებს, რათა ადვილად ჩაერთონ მათთვის სასურველ შრომით საქმიანობებში. ამ ინსტიტუტში ათობით ლექტორი და პედაგოგი მუშაობს უკრაინელ ლტოლვილებთან.
ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმში გამართული საღამოდან შემოსული თანხა შესაძლებლობას მისცემს აღნიშნულ ინსტიტუტს, დაუბრკოლებლად განაგრძოს არსებობა რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც. ამასობაში ახალი საქველმოქმედო აქციებიც წამოეწევათ და მუშაობა არ შეწყდება. ეს კი დიდი შვება და იმედია ომით სულდარბეული ადამიანებისთვის, ვისაც ახალ გარემოში დამკვიდრებისა და საკუთარი თავის , რეალიზაციისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. ეს ადამიანები ფიზიკურად კი იმყოფებიან სამშვიდობოს, მაგრამ ამგვარი ყოფნა, ჭურვების გარეშე ფრონტს ჰგავს, რომლის დაძლევაში ბრიტანელი ხალხი ასე ერთგულად და დაუღლელად უდგას გვერდით უკრაინას.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან