ბექა ოდიშარია: აბსოლუტურად პირნათლად და ბეჯითად ვასრულებთ მოცემულ რეკომენდაციებს
“ჩვენ აბსოლუტურად პირნათლად და ბეჯითად ვასრულებთ მოცემულ რეკომენდაციებს, მაგრამ მოცემულ დავალებებში, ზოგიერთი მიმართულებით იკვეთება ბუნდოვანება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციები მკაფიო უნდა იყოს.
„არსებობს სპორტის ზოგიერთი სახეობა, სადაც თამაშის წესები არის ბუნდოვანი და მსაჯს ეძლევა საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება თავის შეხედულებისამებრ. ჩვენი ქვეყანა სპორტის სახეობა არ არის, ამიტომ ჩვენ გვინდა მკაფიო დავალება. რეკომენდაციები არ არის ისეთი მოცემულობა, რომელიც საერთაშორისო დოგმაა – „რომის სტატუტი“, მემორანდუმი, ქარტია. არის რეკომენდაციები, რომლის ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა ყველას. გვითხრეს მიიღეთ დეოლიგარქიზაციის კანონი. ავიღეთ უკრაინაში ძალიან დადებითად აღიარებული და უკრაინისათვის მისაღები დეოლიგარქიზაციის კანონი, ვთარგმნეთ და ეს საქართველოსთვის რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ არის თამაში. ეს არის ჩვენი ეროვნული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი საზოგადოებასთან რას ვაკეთებთ. ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, მოვითხოვოთ მათგან უფრო მკაფიო იყოს ეს რეკომენდაციები, იმისათვის რომ შევასრულოთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.