გიორგი ტყემალაძე: სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით უამრავ ადამიანს მიეცემა შანსი, დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე თბილისის ბიუჯეტში ახალი ქვეპროგრამის – სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია და დედაქალაქის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

„დღეს საკრებულოში თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დამტკიცდა. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსართან დაკავშირებული პრობლემა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს. მათი უმრავლესობა ოპერაციულ მეურნეობას  –  სახსრის ენდოპროთეზირებას საჭიროებს. მსგავსი მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევა კი სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხშირად მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს.

ამასთან დაკავშირებით გვაქვს მეტად მნიშვნელოვანი სიახლე  –  თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში ვაუჩერული სისტემით მოხდება თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის აღნიშნული ოპერაციების დაფინანსება. თითოეული მოქალაქისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა 6 000 ლარი,  პროგრამის საერთო ბიუჯეტი კი ნახევარი მილიონი ლარი იქნება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის სრულყოფილ სამედიცინო სერვისზე წვდომას, უამრავ ადამიანს მიეცემა შანსი, დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას“, –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად აირჩიონ სასურველი სამედიცინო დაწესებულება.

სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები