„ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაგვიკეთებია“ – პესკოვი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე

რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა.

„ჩვენ ამის შესახებ განცხადება არ გაგვიკეთებია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ მარცვლეულის დერეფნის ვადის გახანგრძლივებაზე მას და პუტინს ერთნაირი მოსაზრება ჰქონდათ.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესმა“ აღნიშნული განმარტა, როგორც დადასტურება იმისა, რომ შეთანხმება გახანგრძლივდა.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა წინადადებებით, თუ როგორ უნდა გამარტივდეს რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მიზნით.

თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმების განხილვისას რუსეთისთვის მიცემული დაპირებები არ შესრულდა: „არაფერი, მინდა ხაზი გავუსვა ამას, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს ცალმხრივი თამაშია. არც ერთი პუნქტი, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, არ არის შესრულებული. მოდით, შესრულდეს შეთანხმების რუსული პირობები და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას“.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა ორშაბათს, 17 ივლისს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები