“მოსკოვმა მკაფიო სიგნალი მიიღო, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი” – ჯონ ბოლტონი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კიევისთვის ერთგვარი “მოსამზადებელი ეტაპია” ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ამის შესახებ მან RTVI-სთან ინტერვიუში თქვა.
ბოლტონის თქმით, უკრაინელი სამხედროები „ფაქტობრივად, გაწვრთნილები არიან იმ ტიპის იარაღებთან მუშაობისთვის, რომლებიც ნატოში გამოიყენება“.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ალიანსის წევრი ქვეყნები კიევს სხვადასხვა სახის იარაღს აწვდიან, მათ შორის, ტანკებს, სარაკეტო გამშვებებს და თვითმავალ საარტილერიო სისტემებს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები Storm Shadow, ხოლო საფრანგეთმა პირობა დადო, რომ კიევს მის ანალოგს, SCALP-ს გადასცემს.
ამავდროულად, ბოლტონმა აღნიშნა, რომ, სწორედ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინა ახლა ბლოკს ვერ შეუერთდება.
”მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ნატო იცავდა წესს, რომ ახალი წევრები ვერ შეუერთდებიან ალიანსს, თუ აქტიურ ომში იმყოფებიან,” – განმარტა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ მოსკოვმაც და კიევმაც მიიღეს მკაფიო სიგნალი – „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ნატოში შესვლის კონკრეტული თარიღი არ არსებობს, ეს აუცილებლად მოხდება“.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ