“რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას”

რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარგველაშვილის განცხადებით, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. როგორც პრეზიდენტმა აღნშნა, საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა თავისუფალი არჩევანისათვის.
“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა საპატიო სტუმრებთან, ამ ღირსეული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ უაღრესად რთულ დროს, ეს არის რთული პერიოდი როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისათვის, ეს არის ვითარება, რომელიც მოითხოვს ახალი საპასუხო ზომების, ახალი მიდგომის გამოძებნას ჩვენი რეგიონის, საქართველოს, უკრაინისა და გლობალურად, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული რთული საკითხების მიმართ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვართ დავიწყოთ უკრაინის თემით. უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს, რომლის მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული მეგობრული განცდა გვაკავშირებს, არამხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან. იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ისეთ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ინდივიდუალობის განვითარება. ეს მეგობრობა და თანამოაზრეობა კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უკვე ორი ათწლეულია, ჩვენ ერთმანეთს აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გეგმების ხორცშესხმისათვის.
სამწუხარო მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა იმ ურთულესი პრობლემებით, რომლებიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას. ახლა ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს, რადგან საქართველოს ტერიტორია, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი მისწრაფებები რეალობად ვაქციეთ ახალ ევროპულ სივრცეში.
ყველამ კარგად ვიცით, რომ უკარინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება, იგივე მოხდა საქარვთელოს შემთხვევაში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი მეზობლის – რუსეთის ფედერაციის პასუხი ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანის მიმართ ძალიან უხეში იყო. თუმცა ჩვენი კავშირი ამ ვითარებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ვავითარებთ ახალ, საერთო მიდგომებს – ჩვენ და უკრაინა ერთად.
ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისათვის. ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. ორივე მოვლენა არის გლობალური თეორიის კონკრეტული ფაქტი, გლობალური მიდგომა ახლად ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები