“ინფორმაცია, თითქოს, წყნეთში მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა – ფანჩატურში კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა” – ვაკის გამგეობა

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 16 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.
„პირველ ყოვლისა, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!
ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები