“შეიძლება, ნასვამები მოტყუვდნენ და შევიდნენ, ადრე ახალუბნიდანაც დაიჭირეს ბიჭები” – ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გოგა უზნაძე, მამუკა გელიაშვილი, ბექა ბეგიაშვილი, ტარიელ ქუჯიშვილი, ნიკა ბალიაშვილი და პაატა ბებნაძე. მათგან მეშვიდემ, ჯაბა დვალიშვილმა გაქცევა მოახერხა.
ჯაბა დვალიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველების კითხვებს პასუხობდა, თუმცა, მედიის წარმომადგენლებთან შემთხვევის შესახებ არ უსაუბრია.
როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები ჰყვებიან, შესაძლოა, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, სავარაუდოდ მათ გზა აერიათ და შემთხვევით საოკუპაციო ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
“შეიძლება, ნასვამები მოტყუვდნენ და შევიდნენ. ადრე ახალუბნიდანაც დაიჭირეს ბიჭები, რომ სალოცავში ავიდნენ”, – განაცხადა გატაცებული ტარიელ ქუჯიშვილის დედამ, გიული ხომასურიძემ.
სოფელი მეჯვრისხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული. საქართველოს მოქალაქეები თავდაპირველად სწორედ ბაზაზე, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.
ცნობისთვის, ამ ექვსი დაკავებული პირის გარდა ცხინვალის იზოლატორში საქართველოს კიდევ რვა მოქალაქე იმყოფება.