საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების საკითხი განიხილა
პარლამენტში ბოლო პერიოდში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლებისა“ და „ევროოპტიმისტების“ – შექმნის გამო, კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახალი გადათვლა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, უმრავლესობას და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილების რაოდენობა შენარჩუნებული აქვს, დანარჩენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს აქვთ თითო-თითო წარმომადგენლობა, ორი ახალშექმნილი პოლიტიკური ჯგუფისთვის განსაზღვრული არის რვა ადგილი.
კომიტეტმა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ასევე განიხილა საკითხები პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.