მესიჯი „ევროპროდუქტიდან“ და ფასდაკლების ხაფანგი

ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა „ევროპროდუქტიდან“ მესიჯი მივიღე: „ფასდაკლება OLIO DI SANSA DI OLIVA-ზე, ზეითუნის საოცარ ზეთზე – სულ რაღაც 17.99 ლარად.“

კაციშვილი, ვერავინ ძე ხორციელი და უფრო მეტიც, ვერცერთი ნახევარღმერთი ვერ მიხვდებოდა, თუ რა საშინელი კოდი იდო ამ უწყინარ გზავნილში.

ქვემოდან გახვრეტილი ცელოფანი ავიღე და მეორე, ქვემოდან სხვა ადგილას გახვრეტილ ცელოფანში ჩავდე, რითაც ერთი მყარი მივიღე და მარკეტისკენ დავიძარი. ძაღლის გულის გამაწვრილებელ ყმუილზე მაინც უნდა მიმხვდარიყავი, თუ რამდენად შემაძრწუნებელ ხაფანგში ვყოფდი თავს, მაგრამ ზეითუნისადმი ბრმა სიყვარულმა გონება დამიბინდა.

გზად ერთ იტალიურ მაღაზიას ჩავუარე და მოდი, შევივლი-მეთქი. შევედი. ვხედავ, ამათაც უდევთ „ოლიო დი სანსა დი ოლივა, მაგრამ უკეთესი ხარისხის და უფრო იაფად – 15.50-ად.

„ვგრძნობ, რაღაც ხრიკია“, – თვალი ჩავუკარი კონსულტანტს, – „მაგრამ მახე რაში მდგომარეობს, ვერ ვხვდები.“
„ამას ვადა გასდის თებერვლის ბოლოს, მაგრამ თუ მთელი ოჯახით შესხდებით, ერთ თვეში თავისუფლად გახარჯავთ, თანამშრომლებმა 5-5 წაიღეს და თავს ბედნიერად გრძნობენო.“
„5 ცალს ერთ თვეში როგორ გახარჯავენ-მეთქი, ვკითხე.“ ამ კითხვაზე ერთადერთი სწორი პასუხი არსებობდა: „თანამშრომლებმა ზეთი თავიანთ ნათესავებში დაარიგეს და ყველა თითო-თითოს გახარჯავს.“ ვიცოდი, ამ პასუხის მოტვინვას ვერ მოასწრებდა, ტყუილს აღიარებდა და მაშინ იმ 17.99 -იანს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ვიყიდდი.

კონსულტანტი გოგო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა: „როგორო და სინამდვილეში ამას ვადა პლუსით აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 6 თვე ვარგაო.“ თვალში ცილიარული კუნთი ამითამაშდა. ეს წესი წამლებზე მოქმედებდა, მაგრამ ნუთუ უკვე ზეთზეც? მგონი მატყუებდა, მაგრამ იქნებ სიმართლეს ამბობდა? 6 თვე მებევრებოდა, ზეითუნთან რისკი არ მიყვარს… ძალიან მაბნევს პროდუქტი, რომელსაც ვადა გასდის, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ გასდის. „იქნებ ეს გოგონები სულაც არ არიან გოგონები?“ – კოლომბოს ნათქვამი გამახსენდა.

ეჭვიდან დაღწევის პირველი კანონი: „დროის მოგება“. აგერ მივალ და მოვალ-მეთქი: იტალიურიდან გამოვხტი, „ევროპროდუქტში“ შევხტი.

იქ ბევრი აღარ მიფიქრია, საოცარი „ოლივია ოლივეირა სანსა დი ოლივენტო“ ვიყიდე და უკვე სახლისკენ მქონდა გეზი აღებული, რომ ასეთმა აზრმა გამიელვა: ეს ხომ ვიყიდე და ის 15.50 -იანიც ხომ არ მეყიდა-მეთქი. ერთი ცალი არ მაწყენდა, ჯერ იმას გამოვცლიდი და მერე უკვე ამას მივადგებოდი. ამას ვადა 2159 წლამდე ჰქონდა. ანუ ძალიან კარგი იყო. და აქ მე ჩავფიქრდი: თუ ეს ასეთი კარგია, მაშინ ის 15.50-იანი რატომღა ვიყიდო, 2.50-ის ეკონომია არასერიოზულია, ამიტომ ისევ ამას ვიყიდი-მეთქი. განა ერთ კარგსა და ერთ საეჭვოს, ორი კარგი არ სჯობდა? ეგრეც მოვიქეცი და ორი „ოლივია ოლივეირა სანსა დი ოლივენტო ოლივეირა“ ვიყიდე, ორივე საუცხოო, 136 წელი შენახვის ვადა, მეტი რა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის?

უკვე სახლისკენ მქონდა მეორეჯერ გეზი აღებული, რომ ისევ გამიელვა: ორი ჩინებული ბოთლი მაქვს, იქნებ ერთი ის 15.50-იანიც ვიყიდო, 2.50 თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც საქმეა. გულს გაუხარდება, იაფად ყიდვას თავისი მუღამი აქვს.

და აი, შევაღე იტალიური მაღაზიის კარი… მაგრამ არ შევედი. თუ ორი ჩინებული მქონდა, მესამე საეჭვო რაში მჭირდებოდა, ამ ხაფანგს უნდა ჩავწვდომოდი. თუ მესამე ზეთი მჭირდებოდა, სჯობდა ის კარგი „ოლიო ოლივიო დი სანტოს ოლივეირა“ დამეთრია ისევ და ისევ.

„ევროპროდუქტში“ საეჭვოდ გაეღიმათ. და მერე, როცა მესამეც და მეოთხეც ვიყიდე, ჩაეცინათ კიდეც. გამაკანკალა, პარკში 5 ცალი „ოლივეირა ოლივია დე სანტუშ ოლიო ოლიგოფრენია“ მედო. და არცერთი 15.50-იანი. არადა მე ხომ ის მინდოდა, ის, თითქმის ვადაგასული, მაგრამ სინამდვილეში უფრო ხარისხიანი. ერთ თვეში თავისუფლად დავხარჯავდი, მერე რა, რომ სხვები, 5-5 ცალის მფლობელები დაიწამლებოდნენ, მე ხომ მოვასწრებდი, ამხანაგებო, მე გადავრჩებოდი.

თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო. საჭმელთან რისკი არ ღირს, გემოს ვერ გამოვეკიდებოდი… ისევ ის უნდა მეყიდა, რომელიც ვიყიდე…

მაფრთხილებდნენ, რომ მოვიდოდა დრო, როცა ილუზია საშინელ ხაფანგს დამიგებდა და მე დამავიწყდებოდა კრიშნა, დედა, შვილები… მახედ ან ფულს, ან ქალს გამოიყენებდნენ…. მაგრამ ზეთს არ ველოდი.

უნდა შევსულიყავი იტალიურში და კონსულტანტისთვის მეთქვა, რომ სპეციალურად ედოთ იქ 15.50-იანი, სხვაგან ბევრი 17.99-იანი რომ გაყიდულიყო… პერანგში უნდა ჩამევლო ხელი და მეჯანჯღარებინა, სანამ სიმართლეს არ დავაცდენინებდი…. ღმერთო, რა ცუდად ვარ!

ჰო, მაგრამ განა 7-8 ცალი უვადო ზეითუნი რომ მქონდა, ამით რა შავდებოდა? არავითარი შეცდომა არ მომსვლია. სექტემბრამდე ცხიმის პრობლემა მოგვარებული მექნება… მაგრამ… განა ერთი 15.50-იანი რამეს დააშავებდა? განსხვავებულს დავაგემოვნებდი! იქნებ სჯობდა კიდეც, იქნებ ვადაგასული, მაგრამ გემრიელი სჯობდა უვადოს და უგემურს?!

– ჩვენ ახლა 12 ლიტრი მეორადი დაწურვის „ოლივია დე სანტოს დე ოლივეირა ოლივიო სანსა არია ოლიგოფრენია“ გვაქვს, – მითხრა ლატიკამ, – მაგრამ იცი, რაშია საქმე?
– რაში?
– რას მოვასხათ? სახლში საჭმელი არ გვაქვს…

ალეკო შუღლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები