„არასდროს დამავიწყდება ეს ამბავი, მთელი სისტემაა აღზრდის” – გურამ მეგრელიშვილის ისტორია მამაზე
86 წლის ივლისი იყო. მე და მამაჩემი დასავლეთ საქართველოდან ჩამოვედით მატარებლით. დიდუბეში, ახლა ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხურები რომაა, სახინკლე იყო. მაგრად გვშია და მოდი, სანამ სახლში მივალთ ხინკალი ვჭამოთო.
ხინკალი ჩემი ყველაზე საყვარელი კერძია და მაშინაც, 5 წლისას განსაკუთრებით მიყვარდა.
შევედით. კლასიკური საბჭოთა სახინკლე. ჭუჭყიანი, მაგრამ მოსუფთავებული იატაკი, თავისებური სუნი, ფაცი-ფუცი, სავსე ხალხით. დახლიდარი ჭუჭყიანი ხალათითა და ქუდით, სიგარეტით პირში და მობუზღუნე დამლაგებელი ქალები.
რამდენს შეჭამო, მკითხა მამაჩემმა. 50 ცალს – მეთქი. მაგდენს ვერ მოერევიო და ისე მშიოდა, ვუთხარი, კუჭებიანად შევჭამ მაგდენს-მეთქი.
კაიო. მივედით შეკვეთაზე და უკვეთავს: 60 ხინკალი, 1 ლუდი, ლიმონათს რამდენს დალევ? 4 ცალს. 4 ლიმონათი, ტარხუნა.
მაშინდელი ხინკალი კონვეირი იყო, 2 წუთში მოჰქონდათ. მატარებელს ელოდებოდნენ ხოლმე და წინასწარ იყო ჩაყრილი, იყიდებოდა.
დახლიდარს დაუდო ფული და ეუბნება: ვერ მისწვდება ფეხზე დასადგომ მაგიდას და „ტაბურეტკა“ მომიტანეო.
ამოიღო დახლის ქვევიდან „ტაბურეტკა“, დამაყენეს ზედ და ველოდები ხინკალს.
ვდგავართ და გვიდევს წინ 2 თეფში. მოიტანა მამაჩემმა რამდენიმე სინი. ვუყურებ, ვითვლი, რომ ნაღდად მეყოს. ისე მშია, ისე მშია, ლამის მთლიანად ვიტენი პირში.
შევჭამე, 1, 2, 3, 4 და ვატყობ, რომ მეტი მიჭირს. ვუყურებ მამაჩემს, დინჯად ჭამს, თეფშზე 7 ცალი კუჭი უდევს და ნება-ნება სვამს ქაფმოგდებულ ლუდს.
მრცხვენია, მაგრად მრცხვენია, რომ ჩემი გავიტანე, ამდენი ხინკალი შევაკვეთინე და ახლა 5 ცალიც ვერ მიჭამია.
შეჭამა თავისი 10 ცალი. მორჩიო? მეკითხება.
ხმას არ ვიღებ. როგორი სათქმელია, რომ მორჩი. ავიღე მეხუთეც, ძლივს შევჭამე. კუჭს ნახევარი ხინკალი დავუტოვე ზედ და ამოვღერღე: მოვრჩი.
კაი, წავიდეთ სახლში – მეუბნება და მივდივართ. არ მსაყვედურობს. არ მარიგებს ჭკუას. არაფერს მეუბნება, მარტო იმას, რომ სასექტემბროდ არლიონოკს მიყიდის.
არასოდეს დამავიწყდება ეს ამბავი. მთელი სისტემაა აღზრდის, ჩემთვის.
გურამ მეგრელიშვილი