„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამასთან, ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო საზღვრის დატოვება აეკრძალა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცველები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.